ბაბინებიანი მაგნიტოფონი 3014 მეტრზე, ანუ როგორ იქმნება ქართული სამთო ქოხის ტრადიციები
ალტიჰატის მეცხრე დაუვიწყარი ზაფხულის სეზონი დარულდა. 3,014 მეტრზე რაც ჩვეულებრივზე ბევრად მაღლაა, ალტიჰატის გუნდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სეზონი, დაუღალავი შრომით, ზრუნვითა და სიყვარულით უზრუნველყო, რათა სტუმრებს სითბო, კომფორტი და უსაფრთხოება ეგრძნოთ ამ სიმაღლეზე.
არაფერი განსაკუთრებული - მარტივი, თუმცა არა იოლი საქმე, რაც ლაზათიანად კეთდება.
წლის განმავლობაში ალტიჰატს ორი სეზონი აქვს. ზაფხული იწყება მაშინ, როცა თოვლი დნება და ცხენები ქოხამდე ამოსვლას ახერხებენ, და თოვლლის მოსვლის შემდეგ, დაახლოებით ოქტომბრის მეორე ნახევარში სრულდება. ამის შემდეგ მოდის ზამთარის სეზონი, რაც სკიტურის მოყვარულებსა და ალპინისტებს ეკუთვნის.
წლევანდელი, მეცხრე ზაფხული უხვი თოვლის გამო გვიან დაიწყო და 2026 წლის 23 ოქტომბერს, იგივე მიზეზით დაიხურა.
ალტიჰატამდე მანქანის გზა არ მიდის. მანქანით მხოლოდ გერგეტის სამების ტაძრამდე ამოხვალთ. იქიდან კი საფეხმავლო ბილიკით, თითქმის 6 კმ დისტანცია და თითქმის 1,000 ვერტიკალური მეტრია, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ დაუვიწყარი ხედები და სუფთა ჰაერში დამწვარი კალორიები. ამ გზას ყველა თავისი ისტორიით იწყებს, თუმცა ყველას თავგადასავლის ჟინი აერთიანებს.
შედეგად 3,014 მეტრი და ალტიჰატი - ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილში განთავსებული ბიბლიოთეკა და მოქმედი საფოსტო ყუთი, სპეციალურად ალტიჰატისთვის მოხალულ „სფეშელთი“ ყავა ბათუმიდან და შვეიცარული ბაბინებიანი მაგნიტოფონი რომელიც დანტემ (დავით მჭედლიშვილი) მოხატა და აუდიოჰოლის მიერ მოწოდებული იტალიურ ლამპფურ გამაძლიერებელსა და უმაღლესი ხარისხის „დინამიკებთან“ ერთად დაუვიწყარ ჟღერადობას ქმნის.
„რა?! (ხომ არ “მეღადავები?)” - დიახ, ეს ეპითეტი ყველაზე სწორად ასახავს იმ სასიამოვნო გაოცებასა და გულწრფელ ღიმილს, რომელიც ყოველთვის გადამდებია. ალტიჰატში შემოსული ამ სახეების აღბეჭდვა ყოველი სეზონის ჩვენი საყვარელი ჰობია და დიდი მოტივაცია, რომ რაღაც გავაუმჯობესოთ და ახალი მოვიფიქროთ, შემდეგი სეზონისთვის, რა თქმა პასუხისმგებლობით.
შემდეგი კითხვა კი ყოველთვის არის - „ეს აქ როგორ ამოიტანეთ?“ - მოკლე პასუხია - ფრთხილად.
გრძელი პასუხი კი ალტიჰატის ისტორია და ფილოსოფიაა. სიმაღლეზე ჩვეულებრივი საგნები მეორე სიცოცხლეს იძენენ და ეს ლოჯისტიკური თავსატეხია: საკვები, წყალი, სარეცხი, ნარჩენები, ენერგია და კარგი ამინდი … უნდა დაგეგმო, უნდა ამოიტანო და შესაბამისი ფასიც გადაიხადო ისე, რომ გარემო არ დააზიანო და ყველაფერთან ერთად შეგროვილი ნარჩენები უკან ჩაიტანო.
თქმა მარტივია, გაკეთება - არა. ტელეპორტაციის პორტალი ჯერ კიდევ ადრეული ტესტირების რეჟმშია, ასე, რომ ისევ „ტრადიციული“ მეთოდებით, უშველებელი ბიუჯეტით და დიდი პასუხისმგებლობით ვუმკლავდებით ამ საქმეს.
Attitude, not Altitude - ანუ „მთავარია გაგება“, დამოკიდებულება და არა სიმაღლე.
ალტიჰატის ბედი სამთო ველოსიპედებზე გადაწყდა. სამ მეგობარს, მობეზრდა განსაცვიფრებელი ბუნებისა და შეუთავსებელი დაბინძურების ყურება და ამაზე გაუთავებელი შფოთვა. 2015 წელს ჭაუხის ოჯახურმა ექსპედიციამ ეს უკმაყოფილება გადაწყვეტილებად აქცია და ზოგიერთის ბავშვობის დროინდელი ოცნების აღსრულებისკენ უბიძგა, შეეწყვიტათ კომფორტული დისტანციიდან წუწუნი და „დამკვირვებლის“ პოზიციიდან მზერა და “მშველელის” მოსვლამდე პრობლემას თავად დაუპირისპირდნენ. საქმე პრაქტიკული ნაბიჯებზე გადავიდა - დასუფთავება, უსაფრთხო მისასვლელი და სტუმრების პასუხისმგებლობით მიღება. შემდეგ მდინარე ჭაუხზე „ბალახისფერი კაცის“ ხიდი, ანუ „ალესანდროს” სახელობის ხიდის აშენება და საბოლოოდ, 2016 წელს, შპს ალტიტუდა დაარსდა, რაც 2018 წლიდან პირველი სტუმრების მიღებით დაგვირგვინდა.
ალტიჰატი კერძო კაპიტალით დაფინანსებული გავლენის (impact) ინვესტიციაა მაღალმთიანი, პასუხისმგებლიანი სტუმარმასპინძლობისა და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისთვის. სტუმარმასპინძლობა ინსტრუმენტია, დადებითი და ხანგრძლივი გავლენა კი მიზანი. ჩვენი დევიზი და ჩვენი ამბიციაა Attitude, not Altitude: ყოველდღიური საქმეა, რაც ყოველი მასპინძლობის მიღმა დგას, გაუფრთხილდეთ ადგილს რომელიც გმასპინძლობს, იზრუნე შენს პლანეტაზე: #takecareofyourplanet
პირველი და ერთადერთი
შვიდ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მყინვარწვერის ფერდობებზე ახალი ქოხი არ აშენებულა (ისევე როგორც მთლიანად დიდ კავკასიონზე). 1940-იანი წლებში ეს იყო მეტეო სადგური, რომელიც დღეს ბეთლემის ქოხის სახელითაა ცნობილი. ალტიჰატმა ეს დუმილი 2018 წელს დაარღვია და ახალი სტანდარტი დაამკვიდრა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს მთის ქოხი საქართველოში და მთლიანად დიდ კავკასიონზე. ასეთი ქოხი ამ დრომდე სხვა არსად არ იყო და ჩვენც ახალი ქართული სამთო ქოხების კულტურის დამფუძნებლობა გადავწყვიტეთ:
შვეიცარული ინჟნერია და შესრულება, ქართული კერძო ინვესტიცია და ქართული დიზაინი სტიპფოლდის გუნდისგან.
ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი რესტორანი. ნამდვილი საკვები და სფეშელთი ყავა, ცხელი შოკოლადი და საუკეთესო გასტრონომიული გამოცდილება 3,014 მეტრზე.
ბიბლიოთეკა, საფოსტო ყუთი და მუსიკის მოსასმენი ოთახი ალპურ სიმაღლეზე, მყინვარწვერის ხედით.
ენერგია და კავშირი საკუთარი სახსრებით. მზის ენერგია და GSM ანტენები 3,000 მეტრზე მაღლა, ჩვენ მიერ დაფინანსებული და მოვლილი, რათა მყინვარწვერზე მიმავალ ყველა ადამიანს შეეძლოს კავშირზე ყოფნა და საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება.
მოქმედი მეტეოსადგური, რაც საერთაშორისო კვლევებს კვებავს მთელი წლის განმავლობაში და საჯაროდაც ხელმისაწვდომია.
სამთო მაშველების მხარდჭერა. ყოველ სეზონს ალტიჰატის გუნდი მასპინძლობს პოლონელ მოხალისე სამთო მაშველებს BezpiecznyKazbek, უზრუნველყოფს მათ ღამისთევით, კვებით და მათი აღჭურვილობის 3,700 მეტრზე ტრანსპორტირებით სეზონის დასაწყისსა და დასასრულს.
სამთო მარათონი. Trail Lab უმაგრესი გუნდის ხელშეწყობა და პარტნიორობა, ყაზბეგის საერთაშორისო მარათონის თანამასპინძლობა.
სკიტური კავკასიონზე. ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან, Trail Lab-თან ერთად შევქმენით Skimo, რომელიც სკიტურის შეჯიბრსა და ფესტივალს აწყობს ყაზბეგში, ბაკურიანსა და სვანეთში.
სამოთხე ფრინველთა მოყვარულთათვის. კავკასიის „დიდი ხუთეულის“ ხილვა პირდაპირ ქოხიდან.
ამ შრომამ აღიარება მოიპოვა: საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმის ჯილდო (2018), Meliora-ს გრან-პრი წლის ყველაზე პასუხისმგებლიანი მცირე და საშუალო ბიზნესის ნომინაციაში (2019), Entrepreneur Georgia-ს ყველაზე თამამი მეწარმეების სიაში (2020) და TBC Business Award (2025). ალტიჰატი Routledge-ის წიგნში Contemporary Marketing and Consumer Behaviour in Sustainable Tourism ქეის-სტადიადაა განხილული და Harper’s Bazaar UK ვრცელი სტატიაც კი მიუძღვნა.
მუსიკა, რომელიც სულს ათბობს - 3,014 მეტრზე
ხარისხიანი აუდიო სისტემა ალბათ ყველაზე მოულოდნელი რამაა, რასაც სამთო ქოხში გადაეყრებით. ბაბინებიანი მაგნიტოფონი ამ სიმაღლეზე ნამდვილად მოულოდნელია, გარეთ მთები, შიგნით კი ლამფური გამაძლიერებლიდან გადმოღვრილი მუსიკის ჰანგები და შთბეჭდილება: „აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო შენა, ჰა...“ იტყოდა ჯარისკაცის მამა, აუდიოფილი რომ ყოფილიყო.
მუსიკა, სრული სიმშვიდე და ჰარმონია. ეს ყველაფერი აქ იმისთვის არ ამოგვიტანია, რომ რამე დაგვემტკიცებინა, გვეტრაბახა ან „ყველაზე ფეშენებელური და გადაპრანჭული“ სამთო ქოხის სტატუსი მოგვეპოვებინა. ეს ჩვენი სტუმრებისადმი მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, დეტალები ყოველთვის მნიშვნელოვანია, ხარისხიანი მიდგომა კი მიუვალ ადგილებს უფრო სჭირდება.
წიგნები, ფრინველები და საფოსტო ბარათები
ალტიჰატის ბიბლიოთეკას, ანუ “ვასიკო კეჟერაძის სახელობის კარცერ ლუქსს[1]” - თავისი თავგადასავალი აქვს. მის თაროებზეა ფრინველებზე დაკვირვების უახლესი და საუკეთესო ორტომეული და გზამკვლევი; თუმცა ფრინველთა მოყვარულებს კავკასიის „დიდი ხუთეულის“ აუდიენცია პირდაპირ ქოხიდან შეუძლიათ. ალტიჰატის ბიბლიოთეკაში ამის გარდა კიდევ უამრავ საინტერესო წიგნს იპოვით, დედამიწაზე არსებულ მრავალ ენაზე, “წაიკითხეთ წიგნები, უკეთესად იქნებით”.
ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილში მოქმედი საფოსტო ყუთიდან კი სტუმრებს ღია ბარათის გაგზავნა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ და ამით, გარშემო მყოფი უპატრონო ოთხფების გამოკვებაშიც მიიღებთ მონაწილეობას.
ზაფხული 2026 ციფრებში: ისტორია რომელიც შორს მოგზაურობს
2026 წლის სეზონი უამინდობის გამო გვიან დაიწყო, მაგრამ ინტერესი არ შემცირებულა. აპრილიდან ოქტომბრამდე ალტიჰატის ისტორიამ აქამდე ყველაზე შორს იმოგზაურა:
104,000 მეტი დაფიქსირებული ატივობა ჩვენს ვებგვერდზე
თითქმის 100,000 აქტიური მომხმარებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან
42%-ით მეტი ჩართულობის ვიზიტი, ვიდრე 2025 წელს
ვიზიტების 26% გერმანიიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, შვეიცარიიდან და აშშ-დან
გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ნიდერლანდებიდან ვიზიტები წინა წელთან შედარებით ორჯერზე მეტი ზრდა
ხუთი ევროპული ბაზრიდან ვიზიტები საერთო მაჩვენებლის 65-71% შეადგენს
თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული აუდიტორიის ზრდაა, რაც წინა სეზონთან შედარებით მეოთხედზე მეტით გაიზარდა.
რა ამოდის და რა ჩადის
ალტიჰატის ბიზნეს სტრატეგია და ფილოსოფიაა, რომ მაქსიმალურად ჩართოს ადგილობრივი თემი ბიზნეს საქმიანობაში და მათ ახალი შემოსავლის წყაროების განვითარებაში დაეხმაროს. შესაბამისად ჩვენი საკვების და მომარაგების დიდი ნაწილი ადგილობრივი ფერმერებისგან გროვდება. ხოლო დანარჩენი თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, სანდო მომწოდებლებისგან მოდის. 2026 წლიდან, ჩვენი ახალი პარტნიორი Silk Road Group-ის Unicorn-ის გუნდია.
მარაგი ჯერ სტეფანწმინდაში ჩადის, შემდეგ გერგეთში ადის, ბოლო აღმართებს კი ადგილობრივ მეცხენეებთან ერთად გადის. თეთრეული და სარეცხი ასევე გერგეთში ჩადის და ადის, ადგილობრივ სამრეცხაოში, ისევ ცხენებით. ჩვენი განსაკუთრებული ყავა კი Rain Coffee Roasters-ის მიერ მზადდება ბათუმში და იგივე თავგადასავლის გავლით ხვდება ალტიჰატში. მომარაგების ყოველი გრამი ადგილობრივი სამუშაო ძალის და ეკონომიკის შემოსავალია.
ცხენები კი ქვემოთ ცარიელი არასოდეს ბრუნდებიან. 2016-2025 წლებში ნისლამ და მისმა მეგობრებმა მთიდან ხუთ ტონაზე მეტი ნარჩენი ჩამოზიდეს. ნისლას ნახმარი ნალები ახლა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს პატარა ყუთით რაც ბაბალეს უმაგრესმა გუნდმა შექმნა და მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურებებისთვის ერგებათ ჩვენს სტუმრებს.
მზის ენერგია და კავშირიც ალტი-მასპინძლობის ნაწილია. ამ სეზონში მზის სისტემის აკუმულატორები უკვე მესამედ შევცვალეთ, საკუთარი ხარჯით, რომ მყინვარწვერისკენ მიმავალ გზაზე სატელეფონო კავშირი შევინარჩუნოთ. არის ასეთი გამოთქმა: რაც ყველას შეუძლია, მეც გავაკეთებ; რაც არავის შეუძლია, მე უნდა გავაკეთო. ჩვენც ასე ვიქცევით და ჩვენ ვაკეთებთ, უკვე მეცხრე სრული სეზონია. ამ ყველაფერში კი ბოლო სიტყვა მაინც მთას ეკუთვნის. მას არ ადარდებს ჩვენი მარკეტინგული გეგმები და ფილოსოფიური წიაღსვლები, მას თავისი დღის წესრიგი აქვს და პასუხისმგებლობისკენ მიგვითითებს. სიმაღლეზე ფუფუნებას ხშირად იმით ზომავენ, რაც ამოდის. ჩვენ მას იმით ვზომავთ, რაც ჩადის.
ზამთარი მოგვადგა, ახალი თავგადასავლების მოლოდინში
Le roi est mort, vive le roi! ანუ ზაფხულის სეზონი დასრულდა, დიდება ზამთრის სეზონს.
2026-27 წლის ზამთრის სეზონი ნოემბერ-დეკემბერში წინასწარი ჯავშნით გრძელდება, და 2027 წლის თებერვლიდან აქტიური სკიტურის სეზონით გელოდებათ: გამოცდილ სკიტურის მოყვარულებსა და ალპინისტებს გამოცდილი გიდები დახვდებიან.
ალტიჰატმა სკიტური პირველმა დანერგა და გახსნის დღიდან აქტიურად უწყობს ხელს ქართული სათავგადასავლო ტურიზმის ამ მიმართულების განვითარებას, რომელიც სპორტის ოლიმპიური სახეობაცაა. 2027 წლის ზამთრის სეზონზე TRAILLAB-თან ერთად ტრადიციულად, კვლავ შემოგთავაზებთ სკი-ტურის ჩემპიონატსაც. ხოლო თოვლის დადნობისთანავე, ზაფხულიდან გერგეთის ბილიკი კვლავ გაიხსნება ყველასთვის, ვინც მზადაა ეს ხედი დაიმსახუროს.
ბევრი რამის თქმა შეიძლება კიდევ , მაგრამ გვირჩევნია, მოხვიდეთ და თავად გადაამოწმოთ. ამოდით ფეხით. დატკბით ხედებით და იკითხეთ, როგორ მოხვდა აქ Revox-ი, Audio Solutions დინამიკები და Syntesis ლამფური გამაძლიერებელი, წიგნები და ეს კომფორტი. შეუკვეთეთ ყავა ევროპის ერთ-ერთ უმაღლეს რესტორანში. გააგზავნეთ ღია ბარათი ევროპის ყველაზე მაღალ წერტილში მოქმედი საფოსტო ყუთიდან დედამიწის ნებისმიერ ადგილას (რითიც ასევე გარშემომყოფი ოთხფეხა მეგობრების კვებაზეც იზრუნებთ), და დატოვეთ თქვენი შთაბეჭდილებები სტუმრების წიგნში, რათა კვალი დატოვოთ მოგზაურებისა და მკვლევარების შემდეგი თაობებისთვის.
Attitude, not Altitude.
დაგეგმეთ ვიზიტი altihut.ge-ზე. შევხვდრამდე 3,014 მეტრზე.
[1] ამ სახელის გამოყენება ოფიციალურად დაგვიდასტურა და „ლოცვა-კურთხევა“ მოგვცა ლეგენდარულმა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა, ისე როგორც მდინარე ჩხერზე პირველი ხიდის სახელიც -„ალესანდროს“ სახელობის ხიდი (დიახ, ალესანდრო და არა ალე-ქ-სანდრო).