რჩევები, წესები და მოქცევის პირობები ალტიჰატი 3014-ის სტუმრებისათვის

პატივცემულო სტუმრებო, მოხარული ვართ გიმასპინძლოთ ალტიჰატში. გთხოვთ პანიკის გარეშე გაეცნოთ და პატივი სცეთ ქვემოთ მოყვანილ რჩევებსა და წესებს, რათა თქვენ და სხვა სტუმრებმაც ისიამოვნოთ ჩვენთან გატარებული დროით. ამასთანავე წესებისა და რჩევების გათვალისწინებით დაგვეხმაროთ ალტიჰატისა და ალპური გარემოს მოვლა-შენახვაში.

  • გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ალტიჰატში თქვენი კომფორტული განთავსებისთვის
  • ალტიჰატის შენობაში აკრძალულია სიგარეტის (და არა მარტო) მოწევა
  • შენობაში შესვლისას გთხოვთ გამოიყენოთ ალტი-ჩუსტები, რის შედეგადაც ფეხსაც მოასვენებთ და შენობასაც არ დავაბინძურებთ
  • შეეცადეთ მოუფრთხილდეთ როგორც თქვენს განკარგულებაში მყოფ ოთახსა და საწოლს, ასევე საერთო სარგებლობის სივრცეს, საპირფარეშოს, აბაზანას, ხეობას, პლანეტას და მთლიანად გალაქტიკას
  • გთხოვთ 21:00 ის შემდგომ ნუ იხმაურებთ და ნუ შეუშლით ხელს სხვა სტუმრებს მოსვენებაში
  • ალტიჰატში დენი ითიშება 23:00 იდან 05:00 მდე
  • გთხოვთ გასვლის წინ მოაწესრიგოთ თქვენი საწოლი და ოთახი 
  • აკრძალულია საკუთარი გაზქურით შენობაში საჭმლის მომზადება
  • აკრძალულია საკუთარი საკვების და ალკოჰოლური სასმლის მოხმარება ალტიჰათში
  • აკრძალულია პოლიტიკური და/ან რელიგიური ხასიათის დებატები
  • შენობაში აკრძალულია ალკოჰოლის და ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანა
  • აკრძალულია სასტუმრო სივრცეში ძაღლების და სხვა შინაური ცხოველების შემოყვანა
  • შენობაში და ზოგადად პლანეტაზე აკრძალულია უწესოდ და ორკულად მოქცევა
  • ალტიჰატში აკრძალულია უხალისოდ, უხასიათოდ და არაკომუნიკაბელურად ყოფნა

მოგეხსენებათ, რომ ალტიჰატის სიმაღლეზე ნარჩენების მართვა საკმაოდ რთული პროცესია. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ადამიანების მიერ დატოვებული ნარჩენის წონა არ აღემატება 120 გრამს, რაც საკმარისია გარემოს ბრუტალური დაბინძურებისათვის. ნუ იქნებით „საშუალო სტატისტიკური ადამიანი“, იყავით გამორჩეული და თქვენი ნარჩენები თავადვე წაიღეთ ბარში, სადაც ცივილურად გადამუშავდება; ამით მნიშვნელოვნად შეამცირებთ ალპურ გარემოზე და ზოგადად პლანეტაზე ნეგატიურ ზეგავლენას. 

გაუფრთხილდით ალპურ გარემოს, ნუ დააბინძურებთ მას! გახსოვდეთ, რომ აქ ის კეთილი ბაქტერიები ვინც ჩვენი ნარჩენების გადამუშავებაზე (გახრწნაზე) ზრუნავენ ვერ ცოცხლობენ და შესაბამისად ჩვენს მაგივრად ვერ მუშაობენ.

მცირე საინფორმაციო განმარტება

ალტიჰატი 3014 არის კერძო, სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტი (Impact Investment), რომელიც მიმართულია არსებულ გარემოში რთულად მოსაგვარებელი პრობლემების სისტემურ გადაწყვეტაზე. პროექტის მიზანია ისეთი გამოწვევების სისტემური მოგვარება, როგორიცაა: ნარჩენების მართვა, ზოგადი უსაფრთხოების გაუმჯობესება ყველა ვიზიტორისათვის, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება და ამ პროცესში ადგილობრივი თემისთვის ახალი და სტაბილური საქმიანი (ბიზნეს) შესაძლებლობების შექმნა. რაც მთავარია ეს არის ჩვენი ინდივიდუალური CSR მიდგომა პლანეტა დედამიწის  მიმართ, და ამ სიმაღლეზე მიყენებული ზიანის შემცირება. 

გახსოვდეთ, რომ თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ამ საქმეში ალტიჰატში სტუმრობისას. 

დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გთხოვთ ისიამოვნოთ გარემოთი რაც კავკასიონზე სპეციალურად თქვენთვის შეიქმნა ბევრი მილიონი წლის წინ.