ყაზბეგის მარათონი
08 სექტემბერი 2025

ყაზბეგის მარათონი

რბოლა, რომელიც ყველას გვიყვარს 15 წლისაა!

უკვე 15 წელია, შემოდგომის ლამაზ დღეებში ყაზბეგში დიდი ჩოჩქოლი და შეკრებაა, ფერად სპორტულ სამოსში შემოსილი ადამიანები ზევით, ქვევით და გარშემო, ორგანიზებულად და ლაღად დარბიან. ეს არის ყაზბეგის ლეგენდარული მარათონი, რომელსაც ბოლო 6 წელია, უმაღლეს დონეზე ორგანიზებას TrailLab-ის გუნდი უძღვება დიდი წარმატებით. ამ დიდებულ საქმეში მოკრძალებული წვლილი ალტიჰატსაც შეაქვს, ეს ტრეილლაბთან პარტნიორობის 6 წლიან ისტორიას ითვლის, რაც ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ამბავია.

თრეილლაბი 

ეს უძალიანმაგრესი კომპანია “სირბილის მოყვარულთა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გამავრცელებელთა” დიდებული საზოგადოებაა, მისი დამფუძნებლები დავით ჯუღაშვილი, მიშა ცერცვაძე, გოგა გრიგოლაშვილი, ნიკა გეტაშვილი და ბექა ასლანიშვილი არიან და სწორედ ისინი დაუღალავად ქმნიან ამ მოვლენას, რაც ფაქტობრივად, საქველმოქმედო საქმიანობაა.
თავად მარათონელები, სამწუხაროდ უმეტესად თავად ვერც კი ახერხებენ მათ მიერ ორგანიზებულ მარათონებში მონაწილეობის მიღებას (იშვიათი გამონაკლისის გარდა, რაზე შემდეგ მუდამ წუხან), თუმცა შესაბამის მარათონელებზე მინიმუმ 3-ჯერ მეტ დისტანციას გარბიან და ყოველ წელს საკუთარ სპორტულ და საორგანიზაციო რეკორდებს აუმჯობესებენ, როგორც გავლილ დისტანციაში, ისე თითოეული მარათონის ორგანიზების ხარისხში, რაც ყველა ჯერზე სრულიად ახალ, უმაღლეს დონეზე აყავთ, ამით მაგალითს აძლევენ ყველას, თუ როგორ უნდა იყოს ჭეშმარტი და ლაღი სპორტული ღონისძიება ორგანიზებულ-ჩატარებული. 
არ დაგავიწყდეთ, რომ ტრეილლაბი წლის განმავლობაში მინ 6 მნიშვნელოვან მარათონს მასპინძლობს საქართველოს მასშტაბით:
- მესტია ულტრა - თბილისის სათავგადასავლო გარბენი - ლისის სამთო ფესტივალი - გუდაურის ვერტიკალური გარბენი - თბილისი ჰილსის სამთო გარბენი - ჩილი-ჭილი-რანი - ყაზბეგის მარათონი - და დამატებით “ბონუსად” კი, ზამთარში, გამოწვევებითა და თავგადასავლით სავსე “სკიმო” ფესტივალი - სკიტურის (ალპური სრიალის) ფესტივალი და შეჯიბრი, რომელიც ალტიჰატის გუნდთან პარტნიორობით იმართება, ექსტრემალურ ალპურ სიმაღლეებზე.

ზევით, ქვევით და გარშემო - ყაზბეგის მარათონი

31 აგვისტოს ყაზბეგი კიდევ ერთხელ გადაიქცა ზე-ადამიანების სათამაშო მოედნად. მე-6 (საერთო ჯამში კი მე-15) უმაღლეს დონეზე ორგანიზებულმა მარათონმა, ერთიანად მოუყარა თავი 490-ზე მეტ უშიშარ ადამიანს, ქალს და კაცს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ვინც არანაირად არ შეუშინდა გამოწვევებს და ჭეშმარტი თავდაგადასავალის მონაწილე გახდა ამ დიდებულ დღეს, ყაზბეგში.

ოთხი დისტანცია და მთები
მარათონი 4 სხვადასხვა დისტანციით და შესაბამისი სირთულითაა გამორჩეული, წელს კი ექსტრემალური დისტანცია, განსაკუთრებულად ექსტრემალური, რთული და თავგადასავალით სავსე იყო:
  “ექსტრემი”        35 კმ  +2,100 მ  |  “სქაი”               15 კმ   +1,300 მ
  “თრეილი”          10 კმ   +900 მ    |  “ფან რანი”       4 კმ    +300 მ

სტარტი და ფინიში სოფელ გერგეტშია და ამ ოთხ განსხვავებულ დისტანციის დაძლევას თავისი ინდივიდუალური სიგიჟიე და და გამოწვევები ახლავს:

    ·  35 კმ ულტრა/ექსტრიმი – ჯიუტი და შეშლილი ავანტიურისტებისთვის, რომლებსაც ნახევარ გზაზე თავიანთი ცხოვრებისეულ არჩევანზე, ეჭვის შეტანა და დაუყოვნებლივ წარმატებით გაქარწყლება მოუწევთ, ჟინით აირბენენ ბილიკებს, რადგან შემდეგ, შორეულ მომავალში შვილიშვილებს საინტერესო ამბები მოუყვნენ.
მარშრუტი: გერგეტი → ალტიჰათი (3,014 მ) → ბეთლემის ქოხი (3,650 მ, სადაც პოლონელი მოხალისე მაშველები უზრუნველყოფენ მარათონის და ექსტრემალების უსაფრთხოებას → უკან ალტიჰატი → ფანშეთის ხეობიდან გერგეტი და ფინიში. სულ 3,000 მეტრზე მეტი ვერტიკალური სიმაღლის, რთული ტექნიკური ბილიკების გავლა და 3,700 მეტრ სიმაღლეზე არბენა, საიდანაც უკან გზაზე, ფინიშამდე კიდევ დამატებით 1,000 მეტრი აღმართია „საჩუქრად“. 
ოჰ სირბილის "ხმერთებო", ცოტა “ოვერდოზი ხომ არ არის ეს ყველაფერი”… 

   ·  15 კმ სკაი რეისი: გერგეტის ციცაბო და პანორამული ხედებით სავსე სავიზიტო ბარათი.
გერგეტი → ალტიჰათი და უკან, +1,200 მ ვერტიკალური აღმართის ბონუსით. ექსტრიმზე მოკლე, თუმცა არანაკლებ მძაფრი და საინტერესო.

   ·  10 კმ: იმდენად მოკლე, რომ დაღლასაც ვერ მოასწრებ, მაგრამ საკმარისად გრძელი, რომ ოფისში და “ქალაქში” სამთო მორბენალის საპატიო სტატუსი მოიპოვო.

    ·  4 კმ “ფან-რანი”: არავის არაფერს არ ვუმტკიცებთ, უბრალოდ ხმამაღალი მანიფესტია იმის, თუ რამდენად გიყვართ სირბილი და “ცოტა, ყოველთვის ბევრია”… 

ბონუსი: საუკეთესო და დაუვიწყარი ხედები, პროფესიონალ ფოტოხელოვანთა მიერ შექმნილი შედევერები, სადაც მთავარ როლში გარბენის თითოეული მონაწილეა.

უფრო მეტად დიდი და უკეთესი, წლიდან წლამდე

ეს იყო TrailLab-ის მიერ ორგანიზებული მე-6 მარათონი, სადაც ალტიჰატი ტრადიციული მხარდამჭერია, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. 
მარათონი, ისევე როგორც ქართული ღვინო, წლიდან წლამდე უფრო უკეთესი ხდება, რაც მისი ორგანიზატორების, თრეილლაბის გუნდის დამსახურებაა და მათი მიზანსწრაფული და საქმის სიყვარულით კეთების ჟინითაა განმტკიცებული, ჩვენთვის კი დიდი პატივი და სიამოვნებაა ამ უდიდესი საქმის მცირედი ხელშეწყობა. 
ყოველწლიურად მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, ისევე როგორც თავგადასავალი, გამოწვევები და დადებითი გავლენა ქვეყნისა და რეგიონის საკეთილდღეოდ.

წლევანდელმა მარათონმა თავი კიდევ უფრო განსაკუთრებულად გამოიჩინა და გაილამაზა მნიშვნელოვანი ფაქტით: ქალი მონაწილეთა რაოდენობის მნიშვნელოვნად ზრდით ყველა დისტანციაზე.

და თუ ვინმეს კიდევ სჭირდებოდა მტკიცებულება, რომ ასაკი მხოლოდ (მოსაწყენ) სტატისტიკურ მონაცემთა გრაფაში გამოკიდებული ციფრია, ექსტრემალურმა მარათონმა ეს საქმე დემონსტრაციულად წამოწია და როგორც ძველი ცნობილი გამოთქმაა - "სალაროს ჩეკივით ჩამოაცვა ლურსმანზე".
ამ ყველაფერს თუ არ გვიჯერებთ, ფოტოალბომი გადაფურცლეთ. იქ ნახავთ, როგორ უსწრებს თეთრი თმა მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას, და გამოცდილება ენდორფინებს.

ორგანიზაცია და უსაფრთხოება

მარათონი უსაფრთხოდ ჩატარდა TrailLab-ის გუნდის, ათეულობით მოხალისისა და გერგეტელი მაშველების დამსახურებით. ექსტრემალურ და ალპურ სიმაღლეზე კი, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მეგობრებს Bezpieczny Kazbek-ს, პოლონელ მოხალისე მაშველებს, რომლებიც 3,650 მ სიმაღლეზე, ბეთლემის ქოხთან იდგნენ და უზრუნველყოფდნენ გარბენის ექსტრემალურ და ალპურ პირობებში, უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს. 

ორგანიზატორების, მოხალისეების, მაშველების და ადგილობრივი თემის თავდაუზოგავი შრომა არის სწორედ ის “ჯადოქრობა”, რაც ამ რთულ და გამოწვევებით სავსე მარათონს დაუვიწყარ და უსაფრთხო დღესასწაულად აქცევს. რასაც ეს დიდებული ფოტო და ვიდეო მასალა გაჩვენებთ.

Altihut-ის როლი

როგორც ყოველთვის, Altihut ამ მარათონის ერთგული პარტნიორი და ამაყი მხარდამჭერია, ჩვენი მთის “ქოხი” მორბენლებისთვის, გულშემატკივრებისთვის, ორგანიზატორებისა და მეოცნებეებისთვის ყოველთვის ღიაა და დიდი სიყვარულით ვმასპინძლობთ ყველას, ვინც მოვიდა გარბენისთვის, ან თუნდაც ალტი ჭაჭისთვის, და ყველა დაუვიწყარი მოგონებებით და ახალი “სელფებით” დაბრუნდება უკან.

ჩვენ გვიყვარს ისეთ საქმეში “თანამზრახველობა”, სადაც გამძლეობა, საქმის კარგად კეთების ჟინი, სიჯიუტე და მიზანდასახულობა, სიხარულს და ლაღ ემოციებს ერწყმის, სადაც უცნობები მეგობრებად იქცევიან, და სადაც კარგად ესმით, რომ ბუნება და ჩვენი პლანეტა არის რეალურად მთავარი აქტორი. რომ ამ გარემოს, რომელიც ჩვენთვის უამრავი მილიონი-მილიარდი წლის წინ შეიქმნა, ჯეროვნად უნდა დავაფასოთ და კარგად მოუაროთ.

გაგრძელება იქნება

490 მონაწილე. ოთხი დისტანცია. ერთი დაუვიწყარი დღე.

მე-6 ყაზბეგის მარათონმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქ თრეილ რანინგი მხოლოდ ფინიშის ხაზებზე არ გადის, ეს არის შესაძლებლობების ზღვარის გადალახვა ღიმილით (ან დაღლილი სახით, როგორც სამახსოვრო ფოტო მოითხოვს).

მაგრამ ამ ფინიშის ხაზის გადაკვეთით თავგადასავალი არ დასრულებულა, ჩვენ უკვე გელით მომავალ წელს, რადგან გარანტირებული ფაქტია, ყაზბეგის მარათონი ისევ გელოდებათ. და კიდევ, არ მოდუნდეთ და სარბენ ფეხსაცმელს ნაადრევად ნუ გადაინახავთ, თრეილლაბს წელს კიდევ ერთი დაუვიწყარი ამბავი - ლისის სამთო ფესტივალი აქვს დაგეგმილი, რომელიც 12 ოქტომბერსაა და თუ ჯერ კიდევ არ დარეგისტრირებულხარ, აგერ ბმული, არ გამოტოვოთ ეს დაუვიწყარი გამოცდილება (+ ძალიან მაგარი პრიზები პარტნიორებისგან).

ფოტოგალერეა