
ალტიჰატი - საერთაშორისო მაგალითი მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის
ალტიჰატის ინოვაციურმა მიდგომამ მაღალმთიანი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უახლეს აკადემიურ გამოცემაში - "მარკეტინგი და მომხმარებელთა ქცევა მდგრად ტურიზმში" (Routledge, Taylor & Francis Group) საპატიო ადგილი მოიპოვა.
აკადემიური ნაშრომის მე-7 თავში, "მდგრადობის ინიციატივები ტურიზმში და მდგრადი ტურიზმის მარკეტინგი", რომლის ავტორები არიან იზა გიგაური, კატალინ პოპესკუ და მარია პალაცო, ალტიჰატი წარმოდგენილია, როგორც გამოკვეთილი "ქეის-სტადი", რომელიც ასახავს, თუ როგორ შეუძლიათ მიუვალ მთის თავშესაფრებს გავლენა მოახდინონ გარემოსდაცვითი ცნობადობის გაზრდაზე, ასევე გაზარდონ ადგილობრივი თემის ეკონომიკური ჩართულობა და გაამრავალფეროვნონ ვიზიტორთა გამოცდილება (www.routledge.com).
Google Books-ის ღია წვდომის წყალობით, მე-7 თავი უფასოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის, გაეცნოს ალტიჰატის ბიზნეს მოდელს და საქმიან მიდგომას.
ეს აკადემიური აღიარება ალტიჰატის როლს წარმოაჩენს არა მხოლოდ როგორც მთის თავშესაფარს, არამედ როგორც მდგრადი ტურიზმის ინოვაციების სასიცოცხლო ლაბორატორიას, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
მე-7 თავის წაკითხვა Google Books-ზე: ალტიჰატის "ქეისი" მდგრადი და გავლენაზე ორიენტირებული ტურისტული ინიციატივის შესახებ
ალტიჰატი 3014 - გიჟური იდეა რომელიც გრავიტაციის და გონიერების კანონებს გადაახტა და სათავგადასავლო ტურიზმი რადიკალურად შეცვალა
ალტიჰატის ისტორია პრობლემით,უფრო სწორად პრობლემის მოგვარებით იწყება, რომელიც იმდენად მარტივია, რომ თითქმის უხერხულია ამაზე საუბარი. როგორც ყველა, ოდესღაც რთული გამოწვევა, ესეც სწორად ასე - „მარტივია, თუმცა იოლი როდია” მიდგომით იწყება.
საქართველოს ულამაზესი მთიანი მხარე, ყაზბეგის მთები ნაგვის ზღვაში იხრჩობოდა, როდესაც მაღალმთიანი ბილიკები გადატენილია ტურისტებით, რომელთა უმეტესობა მოუმზადებელი, პროფესიონალი გზამკვლევის (გიდის) გარეშე და, უმეტესად მოუმზადებელი და დაუცველია ველური ბუნების მიმართ. ამ ბილიკებზე არ არსებობდა ნარჩენების მართვის სისტემა და არც სათანადო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა. მხოლოდ მზარდი არეულობა და საფრთხეები, ალპურ სიმაღლეებზე.
ამ მდგომარეობაში დაიბადა ალტიჰატის იდეა, პროტესტით და ამ რეალობის მიუღებლობით. განსხვავებული სასმისით სამშობლოს სადღეგრძელოს შესმის მაგივრად, რეალური, თამამი და სისტემური მიდგომით, ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის დაწყებით.
მიზანი იყო სრულიად ახალი ბიზნეს მოდელის შექმნა, 3,000 მეტრ სიმაღლეზე, რომელიც პირველ რიგში შექმნიდა აუცილებელ და ელემენტარული პრობლემების მოგვარების საშუალებას - ნარჩენების მართვა და უსაფრთხოების ელემენტარულ სისტემებს, ხოლო პარალელურად ჩაერთვებოდა ადგილობრივი თემისთვის ახალი და დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მოძიებაში. ქართული ანდაზა გვასწავლის - “მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო”, მარტო მდგომი თუნდაც სუპერ თანამედროვე და ზე-კომფორტული თავშესაფარი, მთაში განწირულია, თუ ის უფრო დიდ საქმეს არ ემსახურება და არ ხდება მდგრადი ეკოსისტემის ნაწილი, სადაც როგორც ბუნება, ისე ადამიანი თანაბრად საქმიანობენ.
სიგიჟე, სიჯიუტე, გრავიტაცია და მთები
ასე დაიწყო 3 მეგობრის თავგადასავალი თავიდან. ველო მარშრუტებით და ბუნების სილამაზით შთაგონებული იდეა, რომელიც ურყევი სიჯიუტით, სიგიჟით და შესაბამისად დაუსაბუთებელი ამბიციით შეპყრობილ თამამ გადაწყვეტილებებში გარდაიქმნა.
3,014 მეტრზე შენობის აშენება უბრალო გასეირნება არაა, არც სუპერ მომგებიანი საშაურმეების ქსელის განვითარება. ეს საქმე კავკასიონზე ბოლოს მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებში გააკეთეს და ამ მშენებლობის ზედამხედველი ლავრენტი ბერია და შინსახკომი იყო.
სასტიკი ამინდის, შეუძლებელი ლოგისტიკისა და უსასრულო გამოწვევების ნაზავში, ასეთი იდეაც კი სამართლებრივი დევნის საფუძველი შეიძლება გახდეს ზოგიერთ ქვეყანაში. თუმცა ალტიჰატის გუნდის ტრიო დაბრკოლებებს არ დანებდა, გზაზე შემოიკრიბა მსგავსი შერეკილები შვეიცარიიდან, იტალიიდან და საქართველოდან და საქმე ბოლომდე მიიყვანა.
ალტიჰატის ფორმულა
· პრიორიტეტი ყოველთვის გარემოა: პირველ რიგში ალტიჰატის მიზანი იყო შექმნილიყო სრულყოფილი ნარჩენების მართვის სისტემა, მათ შორის ბიოტუალეტები, რადგან ალპურ სიმაღლეებზე ბუნებისადმი პატივისცემა ნიშნავს, ბინძური კვალის არდატოვებას.
· ადგილობრივი თემი და ახალი შესაძლებლობები: “სულელები საკუთარ შეცდომებზე, ხოლო ნაკლებად სულელები, სხვების შეცდომებზე სწავლობენ” - შესაბამისად გადავწყვიტეთ რომ გაგვეზიარებინა საუკეთესო გამოცდილება, რათა იგივე შეცდომები არ დაგვეშვა, რაც 150 წლის წინ შვეიცარიაში დაუშვეს, მას შემდეგ კი ბევრად წინ წავიდნენ ჩვენი მეგობრები ალპებში. შესაბამისად, ამ ეკოსისტემაში 150 წლიანი გამოცდილების და საუკეთესო ტრადიციების გათვალისწინებით დაიგეგმა და დაინერგა ის ინფრასტრუქტურა, რაც პასუხისმგებლობიან და უმაღლესი ხარისხის მშენებლობაში გადაითარგმნა. შემდგომში კი შეიქმნა სრულიად ახალი, ღირებულებითი და ლოჯისტიკური ჯაჭვი, რაშიც ადგილობრივი თემი და სრულიად საქართველოა ჩართული. რაც ყველაზე მთავარია, ეს არაა ქველმოქმედება, არამედ გონივრული, კარგად დაგეგმილი და გააზრებული მდგრადი ინვესტიციაა, ინკლუზიური სარგებლის შესაძლებლობით და გრძელვადიანი, განგრძობითი ეფექტით.
· გამთბარი მზის ენერგიით: დაივიწყეთ ხმაურიანი გენერატორები. ალტიჰატი მუშაობს მხოლოდ მზის ენერგიაზე და უკიდურესად ენერგოეფექტურია. კომფორტი და ეკო-მეგობრობა ერთ სივრცეშია ოსტატურად მოთავსებული.
· უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა: მოუმზადებელი და ხშირად უპასუხისმგებლო ვიზიტორებისგან გამოწვეული საფრთხე, რაც პირველ რიგში მათ უსაფრთხოებას ემუქრება და შემდეგ დიდი თავის ტკივილია სამთო მაშველებისათვის, რაც არა მხოლოდ კავკასიონის “თავის ტკივილია”. თუმცა ის მწირი და ხშირად არარსებული ინფრასტრუქტურა, ჩვენს შემთხვევაში პრობლემას უფრო თვალსაჩინოს ქმნის და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას. სწორედ ამიტომ, ალტიჰატმა საკუთარ თავზე აიღო უსაფრთხოების შუქურას როლი და ინოვაციური მიდგომით, დანერგა უსაფრთხოების ელემენტარული პირობები რომლებიც იცავენ სტუმრებს და თავგადასავლის მაძიებლებს.
ადგილობრივი ამბიდან, გლობალურ მაგალითამდე
ალტიჰატის მოდელი შესამჩნევი გლობალურ სცენაზე გახდა, ჩვენმა ისტორიამ და თავხედურმა ნაბიჯებმა ბიზნესში, აკადემიური წრეების და გლობალური მკვლევრების ყურადღება მიიქცია. შედეგად, ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ისტორია Marketing and Consumer Behaviour in Sustainable Tourism - წიგნში მოხვდა; როგორც წარმატების და გაზიარების ისტორია - ე.წ. “ქეის სთადი"; მაგალითი, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიძლება ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიანი და საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებულმა ბიზნესმა, სათავგადასავლო ტურიზმი განვითარების სხვა, ახალ ეტაპზე გადაიყვანოს ურთულეს პირობებშიც კი.
ალტიჰატი არ ჯერდება მიღწეულს, ის მდგრადი ტურიზმის რევოლუციას აგრძელებს. ეს ისტორია გვასწავლის, რომ ცოტაოდენი სიგიჟე და ურყევი ნება შეუძლებელსაც შესაძლებელს ხდის.
იფიქრეთ გლობალურად, იმოქმედეთ ლოკალურად.