ჩვენი მისია, ანუ როგორ და რისთვის მოვედით აქამდე

ჩვენი მისია, ანუ როგორ და რისთვის მოვედით აქამდე

გვინდა გაგიზიაროთ ის პოზიტიური გამოცდილება რაც ჩვენ თავად შევიგრძენით ამ გარემოში, ეს დაუოკებელი ჟინი, დაუვიწყარი გამოცდილება და პოზიტივი, რათა სრულად ჩაეფლოთ საქართველოს განსაცვიფრებელ ბუნებრივ პეიზაჟებში, და გაიაზროთ პასუხისმგებლობიანი მიდგომა საკუთარი პლანეტისადმი.

ალტიჰატის იდეა გაჩნდა 2015 წელს, ამ სიმაღლეზე პირველი ვიზიტის დროს, რაც დაიგეგმა არა სამშენებლო მიზნებით, არამედ მარტივი და ბანალური სადღეგრძელოთი, “აღმოაჩინე შენი საქართველო” - დევიზით; რამდენიმე მეგობარმა (არაექსკლუზიურად) აღმოვაჩინეთ ბრუტალური რეალობა, ზღვის დონიდან 3,000 მეტრ სიმაღლეზე: უგულებელყოფილი ნებისმიერი ელემენტარული სანიტარული ნორმა, ბუნების სილამაზის, ისტორიული ღირებულებების, ღირსების და ზოგადად ცივილიზაციური განვითარების უარყოფა, ქოცრეალიზმი: ამ სიმაღლეზე წარმოუდგენლად დიდი მოცულობის ადამიანური და ინდუსტრიული ნარჩენი, რაც ულამაზეს ადგილს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ატრაქციას, წარმოუდგენლად და ბრუტალურად აკნინებდა. 

ამ აღმოჩენის "მოტივაციით”, თავიდან  დასუფთავება და ნარჩენების სისტემური მართვისათვის ბიო-საპირფარეშოს დამონტაჟება განვიზრახეთ, რაც მალევე გადაიზარდა ალტიჰატის ჟინიან პროექტში; ეს თავისთავად გულისხმობდა მდგრადი და სისტემური მიდგომას, ნარჩენების სისტემურ და უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დანერგვას ამ სიმაღლეზე სამყაროში არსებული უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ამ ერთი შეხედვით ბანალურმა გამოწვევამ სათავე დაუდო ალტიჰატის იდეას და შემდგომ განვითარებას. რაც რა თქმა უნდა ჟინიანად გრძელდება და გზადაგზა დაიხვეწება, თუმცა არ გაჩერდება არასდროს. 

ჩვენი მოტივატორი და "ვინ გვინდა გამოვიდეთ რომ გავიზრდებით" სწორება, სწორედ გიორგი ნიკოლაძეა, ვინც ქართულ და ზოგადად "საბჭოთა" ალპინიზმს დაუდო სათავე და კიდევ უამრავ მიმართულებას, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის საძირკვლის ერთ-ერთი მთავარი ხიმინჯია. ჩვენც უბრალოდ ვცდილობთ მისი დარგული ხე მოვრწყოთ და მოვუაროთ, რომ მომავალმა თაობებმა ამ ჩრდილში კარგად და კომფორტულად დაისვენონ.

გალერეა