"აქ რამ აგაშენა შე დალოცვილო შენა"

"აქ რამ აგაშენა შე დალოცვილო შენა"

მაღალმთიანი სიგიჟე სახელად ალტიჰათი 3014.
ბოლო შემთხვევა, როცა ვიღაცამ გაბედა და 3,000 მეტრზე მაღლა, კავკასიონის ქედზე რამე ააშენა, 1940-იან წლებში ფიქსირდება. იმ დროს, საქართველო საბჭოთა კავშირის ბნელ ჩრდილში იმყოფებოდა, ოკუპირებული „ბოროტების იმპერიის“ რეჟმის მიერ. სწორედ მაშინ ლავრენტი ბერიას ზედამხედველობით და დავალებით აშენდა მეტეოსადგური (დღევანდელი ბეთლემის ქოხი), ზღვის დონიდან 3,700 მეტრზე. 

თუმცა, 2016 წელს, უკვე თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში, ოდნავ შეშლილი და ჯიუტი ქართული ტრიო, მთის ციებ-ცხელებით, აბსურდული იდეებით ამხედრებული ველოსიპედებზე, საინჟნრო და ბუნებრივი პირობების ლოგიკის სრული უგულებელყოფით, გაერთიანდა ერთი წარმოუდგენელი მიზნისთვის: მაღალ მთაზე, ევროპული სტანდარტის თავშესაფრის აშენება.
ამ ისტორიაში მოულოდნელად გამოჩნდა შვეიცარიელი (დიდ)ოსტატი, ტყის ჯადოქარი და ალპური არქიტექტურის ვირტუოზი კურტ ვანფლუჰი. ადამიანი, რომელსაც ისეთივე ოსტატობით შეუძლია ხის დამუშავება, როგორც ჯინ-ტონიკით ხელში მოლაპარაკება. ჩვენი სულისკვეთებით, კურტმაც იწამა, რომ კავკასიონს სჭირდებოდა შვეიცარიული სტანდარტის ქოხი. მან ამაში დაარწმუნა შტეფან მიულერი და მისი კომპანია S. Müller Holzbau GmbH (SMÜ), და ასე გაგრძელდა ალტიჰატის ისტორია. ჯერ შვეიცარიის ქალაქ ვილში, სადაც ქოხის დეტალები წინასწარ აშენდა, ჭეშმარიტ ალპური სტილში.
სწორედ იქვე, შვეიცარიაში, ამ დაუჯერებელი ამბის მოყოლის შემდეგ, პროექტში ჩაერთნენ შვეიცარიელი მოხალისეები: მარკუს ნიშტი, მარიო ფილი, ივო მერკი, კრისტი და პიტერ რუდინები. აღსანიშნავია რომ კრისტი და პიტერი, გარდა უშუალო მონაწილეობისა მშნებლობისას საქართველოში; შვეციარიაში, ადრეულ ეტაპზევე, ქოხის ინოვაციური სამაგრი ხრახნების დაფინანსებაშიც შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს. ამ დიდებულ გუნდს და ალპურ სიმაღლეზე სამშნებლო პროცესებს, რა თქმა უნდა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი მატიას ჰეიდეგერი უწევდა კოორდინირებას.
2018 წლის მაისში დაიწყო მეორე სასწაული. Gebrüder Weiss-ის წყალობით, ქოხი შვეიცარიიდან საქართველოში ჩამოვიდა და უსაფრთხოდ და დაუზიანებლად განთავსდა ყაზბეგში. იქ კი საქმეში ჩაერთო შვეიცარიელი ლეგენდარული მფრინავი ფრანც კოტინგი, რომელმაც ქოხის ნაწილები ვერტმფრენით ააფრინა სამონტაჟოდ იმ საძირკველზე, რომელიც ერთი წლით ადრე ბატონი ავთო ღვალაძის და მისი კომპანია "იმეკსის"-ის გუნდმა მოამზადა ალპურ სიმაღლეზე, უამრავი გამოწვევის მიუხედავად.

პროექტის ბოლო და გადამწყვეტი ეტაპი ჩვენი დიდი მეგობარის და თანამებრძოლის, ვალერი ჩაბირიძის თაოსნობით და მისი თავდადებული გუნდის წევრების ჩართულობით წარიმართა და დაგვირგვინდა. მათმა შრომამ ქოხს საბოლოო სული შთაბერა 3014 მეტრზე, ღრუბლების ზემოთ, რის შემდეგაც ადგილობრივ ეპოსში ახალი სუპერგმირიც კი გაჩნდა, ყვითელ "მარშუტკაზე" ამხედრებული.

საბოლოო შტრიხები კი უნიჭიერესმა და გენიალურმა გუნდმა, ვინც არ შეუშინდა ალპურ სიმაღლეს, ქარბუქს და ძლიერ სეტყვას - ნინო ლეგაშვილმა, ბექა ფხაკაძემ და კომპანია სტიპფლოლდმა შეიტანა, ვინც ალტიჰატის დაუვიწყარი და განუმეორებელი ინტერიერი შექმნეს.
  
ასე დაიბადა ალტიჰატი 3014, მზის ენერგიაზე მომუშავე, თბილი თავშესაფარი ღრუბლებს ზემოთ. ქართული სიჯიუტით, შვეიცარიული სიზუსტით, საერთაშორისო მეგობრობითა და ხანდახან ჯინიტონიკით და ჭაჭით გამაგრებული გიჟური იდეებით აშენებული ქოხი. რომელიც ამტკიცებს, რომ თუ კარგად დაუმიზნებ, არ გაჩერდები, და გზად სწორი ადამიანები შეგხვდებიან, შესაძლებელია შეუძლებელი შესაძლებლობების რეალიზება და სრულყოფილად გამოთვლადი სასწაულებრივი შედეგის მიღწევა.

გალერეა