AltiHut – ინოვაცია 3000 მეტრზე

AltiHut – ინოვაცია 3000 მეტრზე

სამი ადამიანის პატარა ნაბიჯით დაწყებული საქმე, რომელიც ძალიან საინტერესო ანტრეპრენერულ მოგზაურობად გადაიქცა. ეს ამბავი ქართულ Entrepreneur-ს მხედველობიდან არ გამოჰპარვია და პირველსავე ნომრის მთავარ თემად თანამედროვე ქართველი “შეშლილების” ამბიციური პროექტის შესახებ მასალას გთავაზობთ, როგორც ინსპირაციას მათთვის, ვისაც სიმაღლის შიშის გადალახვა სურს. ეს ხუმრობით, თუმცა არც მთლად ხუმრობით, რადგან როცა გაქვს დიდი იდეები, ხარ მოქნილი და ბევრს მუშაობ, ნებისმიერ სიმაღლეზე ახვალ – პირდაპირი თუ ირიბი გაგებით…

პროექტ “ალტიჰატ 3.14”-ის შესახებ

კომპანია “ალტიტუდას” მიერ 2015 წელს წამოწყებული სამთო და რეკრეაციული ტურიზმის ხელშემწყობი პირველი პროექტი, ხორციელდება ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე და გულისხმობს ყაზბეგის მთაზე სრულფასოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ეკომეგობრული გარემოს შექმნას. პროექტის ფარგლებში, შენდება სამთო ქოხი. ახალ სააკლიმატიზაციო პუნქტზე უზრუნველყოფილი იქნება ასევე საბანაკო ტერიტორია, კაფე, სამაშველო სამსახური, პროფესიონალი გიდის მომსახურება და სრულყოფილი სამთო აღჭურვილობა.

პროექტის ღირებულება: $500,000

სახელმწიფოსგან შეძენილი მიწის ნაკვეთი: 5,000 კვ.მ

180 კვ.მ-ის მოწყობილი რკინა-ბეტონის საძირკველი (1 მ³ ბეტონის საშუალო ღირებულება: 1 000 ევრო)

ვერტმფრენის როტაცია დღემდე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისთვის: 200

სტუმრების ტევადობა: სამთო ქოხში – 30, საბანაკე ტერიტორიაზე – 40

საგანგებო სიტუაციებისთვის შექმნილი ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი

პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი: ივლისი, 2018

კომპანია “ალტიტუდას” მიზნები
კომპანიის მიზანია საქართველოში სამთო და რეკრეაციული ტურიზმის მიმართულების განვითარება, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. კერძოდ:

ნარჩენების მართვის სისტემის შექმნა და სისტემური დანერგვა ალპურ სიმაღლეებზე, გარემოზე ადამიანური ზემოქმედების შემცირების მიზნით;

მთაში უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება და რისკის შემცირება;

ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა (“ბერდვოჩინგი”, “სკი-ტურინგი” და ა.შ.);

ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა მათი ჩართულობის გაზრდითა და დასაქმების ახალი არხების შეთავაზებით;

წარმატებულ საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოში ალპური ქოხების ქსელის შექმნა (გეგმაშია კიდევ ერთი პროექტი ყაზბეგში, ასევე მთიან აჭარასა და სვანეთში).

ამ სოციალური პროექტისა და ბიზნესწამოწყების მიღმა დგას სამთო ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული სამი ქართველი ანტრეპრენერი:

ნიკოლოზ ალავიძე – ბანკირი, 20-წლიანი საბანკო მიმართულების სფეროში საქმიანობის გამოცდილებით; რამდენიმე სოციალური პროექტის “ენჯელ ინვესტორი” და პარტნიორი, ასევე ველომოყვარული.

დავით ჭიჭინაძე – ინჟინერი და მშენებელი. აქტიურადაა ჩართული საქართველოში სამთო-სამაშველო სამსახურის განვითარებაში. საქმიანობს სამხრეთ კავკასიაში, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისში და პასუხისმგებელია კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციისა და ბუნებრივი კატასტროფების ინტეგრირებული მართვის მიმართულებაზე.

მამუკა ნიკოლაძე – გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ჩამოაყალიბა და უძღვებოდა სამთო-სამაშველო სამსახურს. პროფესიონალი მაშველი, გეოლოგი და სპელეოლოგი, GIS სერტიფიცირებული სპეციალისტი. იგი ასევე წარმატებული მეწარმე და ენთუზიასტია სამთო ტურიზმის განვითარების სფეროში. აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მასშტაბით ექსტრემალური და საფეხმავლო მარშრუტების ზონირებასა და დაგეგმვაში.

პატარა ნაბიჯით დაწყებული დიდი საქმე

“ალტიჰატის” პროექტის იდეა 2015 წელს ჭაუხებში დაიბადა, სადაც ნიკა, დათო და მამუკა, ოჯახის წევრებთან და სხვა მეგობრებთან ერთად, სალაშქროდ იმყოფებოდნენ. იქ მათ მძიმე სანიტარული პირობები დახვდათ. საქართველოს ულამაზესი ბუნება ნაგავსაყრელადაა ქცეული. მაღალ მთებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ფეკალური ნარჩენიც ემატება, რადგან იმ სიმაღლეზე ის ბაქტერიები ვერ ცოცხლობენ, რომლებიც ხელს უწყობს ნარჩენების ნეშომპალად ქცევას.

ამ გარემოებით გამოწვეული გულისტკივილი მხოლოდ მორიგ, სამშობლოს სიყვარულით დამწვარ სადღეგრძელოში რომ არ ჩაეკლათ, გადაწყვიტეს კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ და ყველაზე რთულ, დაბინძურების რისკის მქონე ადგილებში ბიოსაპირფარეშოები განელაგებინათ.

ამისათვის მათ შეარჩიეს ყაზბეგის მყინვარწვერისკენ მიმავალი გზა. დღევანდელი მდგომარეობით, ამ გზაზე ერთადერთი მოქმედი ინფრასტრუქტურა ყოფილი მეტეოროლოგიური სადგური, იგივე “ბეთლემის ქოხია”, რომელიც 3670 მეტრ სიმაღლეზე დგას. სიმაღლიდან გამომდინარე, ადამიანთა უმეტესობისთვის არსებულ თავშესაფართან მიღწევა ერთ დღეში შეუძლებელია, რის გამოც ჩერდებიან და კარავს შლიან 3000 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ადგილზე, ე.წ. “საბეწრეზე”.

დამბანაკებელ ტურისტთა რაოდენობა აქ საკმაოდ დიდია, რადგან თურმე, როგორც “ალტიჰატის” დამფუძნებლებმა აგვიხსნეს, ყაზბეგის მთა განსაკუთრებულია იმით, რომ სიმაღლის მიუხედავად, მოყვარული მთამსვლელისთვისაც კი ხელმისაწვდომია. მთავარია, ეს უკანასკნელი ფიზიკურ მზადყოფნაში და სათანადოდ აღჭურვილი იყოს, და ჰყავდეს პროფესიონალი მეგზური. შესაბამისად, მაღალია დაბინძურების მასშტაბიც. ადამიანის ნაკვალევი იქ არტეფაქტებად რჩება და “თანამედროვე ხელოვნების ანტი-გალერეის” ჩამოყალიბებაში წვლილი შეაქვს. ეს ხუმრობით, თუმცა “ალტიჰატის” დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ დაბინძურების მასშტაბები დიდია და სავალალო იქნებოდა, თუ ამ პრობლემის დროული და სისტემური მოგვარება არ მოხდებოდა, მზარდი ტურისტული ნაკადების ფონზე.

ყველაფერი ამ პრობლემის აღმოფხვრით დაიწყო, თუმცა გზად სხვა მრავალ გამოწვევასაც შეეჯახნენ, რომლის წინაშე დღეს ქართული სამთო ტურიზმი დგას. საბოლოოდ კი, ამ სამი ადამიანის პატარა ნაბიჯით დაწყებული საქმე ძალიან საინტერესო ანტრეპრენერულ მოგზაურობად გადაიქცა. მათ დააარსეს კომპანია “ალტიტუდა”, ჩამოაყალიბეს კონკრეტული მიზნები და ყაზბეგში პირველ საპილოტე პროექტ “ალტიჰატის” განხორციელებას შეუდგნენ.

“ალტიჰატის” შეთავაზება და შემოსავლის პოტენციური წყაროები

პროექტ “ალტიჰატ 3.14”-ის ფარგლებში, შემოსავლის ძირითადი წყარო ღამის გასათევი სამთო ქოხი, საბანაკე ტერიტორია და რესტორანი იქნება. გარდა ამისა, 3000 მეტრ სიმაღლეზე სტუმარს შესაძლებლობა ექნება იქირავოს სრული აღჭურვილობა ალპინისტური და აქტიური სპორტისთვის (ველოსიპედი, თხილამური, სპეციალური ტანისამოსი, სამთო აღჭურვილობა და ა.შ.). ამ აღჭურვილობის მომწოდებლები ადგილობრივი სტარტაპები არიან, ხოლო ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის მთაზე ატანას “ალტიჰატი” უზრუნველყოფს.

სოციალური ანტრეპრენერშიპი

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ინიციატივას, რომელსაც პროექტი “ალტიჰატ 3.14” ჰქვია, შეიძლება ვუწოდოთ სოციალური ანტერპრენერშიპი.

ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე, გუნდი მიმართულია ისეთი კეთილმოწყობილი სააკლიმატიზაციო პუნქტის შექმნისკენ, რომელიც გარემოსთვის მავნე არ იქნება.

გარდა ამისა, გუნდისთვის არანაკლები მნიშვნელობისაა მთის ვიზიტორთა უსაფრთხოების საკითხი. 3000 მეტრ სიმაღლეზე, თავშესაფრის მოწყობასთან ერთად, კომპანია გეგმავს ადგილზევე განათავსოს პროფესიონალი სამთო მაშველები/გიდები, რისი საშუალებაც აქამდე ფაქტობრივად არ არსებობდა.

“ვიღაცას თუ გაუჭირდა, დღეს დაახლოებით ორი დღეა საჭირო, რომ მიაკითხონ. ორ დღეში კი, ადამიანი ან გადარჩება, ან არა”, – ამბობს მამუკა ნიკოლაძე.

ამასთანავე, პროექტის მიზანია, შექმნას სამუშაო ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

სამიზნე აუდიტორია

პროექტის ფარგლებში არსებული ინფრასტრუქტურა და სერვისები, უპირველესად, განკუთვნილია საქართველოს მოსახლეობისთვის, ვინაიდან პროექტის ავტორთა სურვილია, მეტი თანამოქალაქე ჩაერთოს აქტიურ დასვენებაში და რეკრეაციული “უიქენდ-ტურიზმი” განვითარდეს. შემდეგ არიან მოლაშქრეები და პროფესიონალი ალპინისტები – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთიდან. გარდა ამისა, პროექტის ხელმძღვანელებს ახალი ტურისტული მიმართულებების, როგორებიცაა “სკიტურინგი”, “ბერდვოჩინგი” და სხვ. განვითარების ხელშეწყობა ამოძრავებთ.

მათი კონცეფცია ითვალისწინებს “ერთი ფანჯრის პრინციპს”, განსაკუთრებით საერთაშორისო ვიზიტორებისთვის – იქნება ეს პროფესიონალი თუ მოყვარული ალპინისტი, “სკი-ტურერი” ან “ბერდვოჩერი”.

ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა, მათ ქვეყანაშივე, ვებგვერდზე ოთახის რეზერვაციისას, დაჯავშნონ სრული ალპინისტური და აქტიური სპორტისთვის საჭირო აღჭურვილობის კომპლექტი. ეს ყველაფერი მათ ადგილზე – 3 000 მეტრ სიმაღლეზე დახვდებათ, რაც საშუალებას მისცემთ ზედმეტი ბარგის ტარებას თავი აარიდონ, მაქსიმალურად შეღავათიანად/კომფორტულად იმოგზაურონ საქართველოში, დალაშქრონ 5 000 მეტრი სიმაღლე და შემდეგ 3 000 მეტრიდან დაეშვან სამთო ველოსიპედით. შუალედში კი დატკბნენ უმაღლესი ხარისხის მუსიკით, ისიამოვნონ ბიბლიოთეკით 3 000 მეტრზე და/ან თავი გაირთონ უცხო ადამიანებთან ურთიერთობით, სხვადასხვა სამაგიდო თამაშით; ყოველივე ამის პარალელურად, დააგემოვნონ ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძები ზღვის დონიდან 3 000 მეტრ სიმაღლეზე. დახარჯული თანხიდან კი, ვიზიტორებს ზუსტად ეცოდინებათ, რომ კავკასიონზე, მონახულების თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილზე სოციალური მიზნების მიღწევაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. კერძოდ კი, არაპირდაპირი გზით აფინანსებენ ნარჩენების მართვის სისტემის შექმნასა და დიდ სიმაღლეზე უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებას; ასევე ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ვერტმფრენით აწყობილი საქმე

პროექტის ავტორებს აქვთ განაცხადი, რომ რეალურად ინოვაციურ და ახალ მიდგომას ქმნიან 3000 მეტრ სიმაღლეზე. საქართველოში და კავკასიონზე ასეთი სერვისი ჯერ არ არსებობს. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ პროექტის დასაწყისში მათ ან არასერიოზულად აღიქვამდნენ, ან “შეშლილებად” მოიხსენიებდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც სტეფანწმინდადან ვერტმფრენით სამშენებლო მასალა აიტანეს, რისთვისაც 200 როტაცია დასჭირდათ, ყველა დარწმუნდა მათ შესაძლებლობებში. გაჩნდა მეტი ინტერესიც.

პროექტის უნიკალურობა ისიც გახლავთ, რომ სამთო ქოხიც ვერტმფრენის საშუალებით უნდა დამონტაჟდეს, რისი პრაქტიკაც საქართველოში არ არსებობს. სამთო ქოხი წინასწარ მზადდება ხისგან, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შვეიცარიის ქალაქ ვილში. ქოხის ჩამოტანა დაშლილ მდგომარეობაში, ოთხი სატვირთო ავტომობილით განხორციელდება, ხოლო ნაწილებს ვერტმფრენის მეშვეობით ადგილზე აიტანენ. წინასწარ დამზადებული ქოხის ნაწილები სამშენებლო პროცესს გაამარტივებს და უფრო სწრაფს გახდის. პროექტის დასრულებას ივლისისთვის გეგმავენ.

ბიუჯეტი

პროექტის ღირებულება შეადგენს 500 000 ამერიკულ დოლარს. დამფუძნებლებმა პროექტი პირადი დანაზოგებით დაიწყეს, შემდგომ ეტაპზე ახალი პარტნიორები დაიმატეს, ხოლო საბოლოო ეტაპზე, “თიბისი ბანკის” კრედიტის მოშველიება გახდა საჭირო. როგორც ნიკოლოზ ალავიძე აღნიშნავს, ვინაიდან მათ სოციალური მიზნები აქვთ და არ არიან ორიენტირებულნი მხოლოდ მოგების მიღებაზე, ინვესტორთა მოზიდვა არ აღმოჩნდა მარტივი. სამაგიეროდ, დიდი მოხალისეობრივი მხარდაჭერა მოიპოვეს გამოცდილი შვეიცარიელი და იტალიელი პროფესიონალების მხრიდან.

სამკაციან გუნდს 2016 წელს შეუერთდა შვეიცარიელი პარტნიორი – მარტინა რამინგი, რომელმაც უამრავი კონტაქტი შესძინა პროექტს შვეიცარიიდან. 2018 წელს კი გუნდს დაემატა იტალიელი წყვილი მოქმედი სამთო-მაშველი – მიქელე რიგი და საბრინა დაპორი, ასევე დამფუძნებლების მეგობარი და გულშემატკივარი – გიორგი ქეშელაშვილი.

შემდეგი გაჩერება

“ალტიჰატის” წარმატებით დასრულების შემდეგ, კომპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, ალპური ქოხების ქსელის შექმნა სურს.

By entrepreneur.com; ᲗᲐᲛᲗᲐ ᲛᲐᲠᲘᲓᲐᲨᲕᲘᲚᲘ 

You’re reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

a

Orci varius natoque penatibus et magnis dis parturient montes, nascetur ridiculus mus et ante ipsum primis in faucibus luctus ultrices

[alloggio_core_button button_layout="outlined" size="large" text="Book Your Stay" link="https://alloggio.qodeinteractive.com/" target="_self"]